ბიზნესი
27/03/2023

აშშ-ს შემდეგ, "ბარბალეს მარნის" ღვინით კანადის ბაზარზეც დაინტერესდნენ

„ბარბალეს მარნის“  მიერ წარმოებული ღვინით აშშ-ს შემდეგ კანადაშიც დაინტერესდნენ. შიდა ქართლში წარმოებულ ღვინოზე დიდი ინტერესია ევროპულ ბაზრებზც. 

ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე მარანის დამფუძნებელმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა. ღვინის მარნის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მაყვლის ღვინის შესყიდვით დაინტერესებულია აზერბაიჯანი.

რაც შეეხება ამერიკის ბაზარს, კორძაძის განცხადებით, "ბარბალეს მარნის" მიერ წარმოებული ღვინო ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე  უახლოეს მომავალში გაიყიდება. აღნიშნული მიმართულებით მოლაპარაკებები წელიწადნახევარია მიმდინარეობს. 

მისი ინფორმაციით, საექსპორტო პროდუქციის რაოდენობა, მარნის ზომიდან გამომდინარე, მცირე იქნება. 

„ჩვენი მიზანი არ არის მარკეტებში შესვლა, ჩვენი ინტერესია კონკრეტულად ღვინის ბუტიკებში მოხვედრა, სადაც მომხმარებელს ღვინო ამახსოვრდება და მას მომდევნო წელსაც მოითხოვს. შევეცდებით, რომ მოცულობა გავზარდოთ, თუმცა არ გავცდეთ მცირე მარანს. შეიძლება საშუალო მარნის კატეგორიაში გადავიდეთ, თუმცა ქარხნის მიმართულებით წასვლა არ იგეგმება," -აღნიშნა კორძაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ბარბალეს მარანი" ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, რომელიც ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა.

 

Businesspartner