არჩილ ჯაყელი: მთავარია, შენობების ექსპლუატაციაში მიღების დრო არ გაჭიანურდეს
დეველოპერული კომპანია „ივერონის“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაყელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამშენებლო ინდუსტრია პანდემიის შედეგად მძიმე სიტუაციაშია, დამატებით ახალი რეგულაციის შემოღება სწორი არ არის.
„კანონპროექტი დეტალურად არ მინახავს, თუმცა, ერთია, თუ ექსპლუატაციაში მიღების დრო და გარკვეული საკითხები ბიუროკრატიული პროცესების გამო არ გაჭიანურდება და ეს საკითხი დარეგულირდება, პრობლემა არც გაყიდვებს შეექმნება.
რაც შეეხება ამნისტიას, ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და ამ კუთხით გადაწყვეტილება ძალიან კარგია. დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც ბიზნესი სერიოზული პრობლემის წინაშეა, მერიის გადაწყევტილება დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, ნებისმიერ რეგულაციას მე მაინც სიფრთხილით ვეკიდები, თუნდაც ეს პოზიტიური იყოს,“ - აცხადებს ჯაყელი.
როგორც ცნობილია, შესაძლოა აიკრძალოს ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით მომარაგება. გარდა ამისა, ამოქმედდება სამშენებლო ამნისტია, რომელიც შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩართვით, მშენებლობა განხორციელებულია ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.