ბიზნესი
21/12/2020

ანაგი დეველოპმენტი: რეცესიის მოლოდინში ხალხს ურჩევნია ფული დაზოგოს, ვიდრე დააბანდოს

Covid 19-ის პრევენციის მიზნით შემოღებულმა შეზღუდვებმა და ზოგადმა პესიმისტურმა განწყობამ ქვეყნის სხვა სექტორების ანალოგიურად დეველოპერული ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ “ანაგი დეველოპმენტში“ განუცხადეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კრიზისის პირობებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის განმაპირობებელი ყველა ფაქტორი უარესდება, რაც მსყიდველუნარიანი მომხმარებლების შემცირებას განაპირობებს. რეცესიის მოლოდინში, ხალხს ურჩევნია ფული დაზოგოს, ვიდრე დახარჯოს ან დააბანდოს.

„თუმცა, ამ პირობებშიც კი, ბაზრის კვლევის შედეგების თანახმად, შეინიშნება ბიზნეს პროცესების აღდგენა უძრავი ქონების სექტორში. კლიენტების მომართვიანობას თუ გადავხედავთ პირველ ადგილზეა ბინები, შემდეგ მოდის კერძო სახლები და ბოლოს მიწები. მართალია, ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაჭიანურდა, თუმცა, ინტერესი არ განელებულა.  ამას გარკვეულწილად სუბსიდირების პროგრამაც განაპირობებს, რომელიც პირველ რიგში ეკონომ ტიპის პროექტებისთვის არის ეფექტური,“ - აცხადებენ „ანაგი დეველოპმენტში“.

მათივე ინფორმაციით,  „ანაგი დეველოპმენტის“ მიერ სამომხმარებლო ბაზრის წინასწარი მოკვლევის საფუძველზე შემუშავდა ახალი პროექტი - „პარკ ჰოუმ საბურთალო“. ეს არის საოჯახო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ უბანში, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ყველაზე მოქნილი გადახდის პირობით შეიძინონ სრულად გარემონტებული, სამზარეულოს ავეჯით და ტექნიკით მოწყობილი ბინები 42 კვ.მ-დან.

„პარკ ჰოუმ საბურთალო რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ და უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება დიდია. გვყავს მომლოდინეთა სია. ამ ეტაპზე, პოტენციურ მომხმარებლებს ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ახალ პროექტზე,“ - აცხადებენ კომპანიაში.