ბიზნესი
16/06/2023

"ამბასადორი ბათუმი აილენდს" კუნძულის მოწყობის პროცედურა შეუჩერდა

ბათუმში „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით განცხადების განხილვა შეჩერდა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიისთვის სააგენტოდან მიწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდმა"  სააგენტოს სკოპინგის განცხადებით  2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

 „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის მე-9 პუნქტის 9.13 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან ერთად, დაგეგმილია ასევე, „ზღვის ფართობის ათვისება, ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და ა. შ. შექმნა”,

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი და საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებას საჭიროებს სკოპინგის განცხადების წარმოდგენის საფუძველი. ასევე, დაგეგმილი საქმიანობის დასახელება თანხვედრაში უნდა იყოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ საქმიანობებთან.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კუნძულის მოწყობა გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიაში 108,5 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, ასევე დოკუმენტში მითითებულია, რომ საპროექტო არეალის საერთო ფართობია 144,32 ჰა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული უნდა იქნეს 144,32 ჰა ტერიტორიის ათვისების საჭიროება;

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური კუნძულის და ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს უშუალოდ საპროექტო კუნძულის და ნახევარკუნძულების“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გაგზავნილ წერილში. 

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ნახევარკუნძულების და კუნძულის ზღვის ტალღების ზემოქმედებისგან დასაცავად, გათვალისწინებულია 3 დამცავი მოლოს მოწყობა. 

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული საკითხების გათვალისწინებით, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ,"-აღნოიშნულია სააგენტოს მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში. 

შეგახსენებთ, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას მოიცავს, სადაც  აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული  ინფრასტრუქტურა.

პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად $100 მილიონის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს.

პროექტის მიხედვით, სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი - 20,0 ჰა-მდე იქნება, ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი - 20,0 ჰა-მდე, კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე, დამცავი მოლის სიგრძე - 1,3 კმ-ი იქნება.