ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობისთვის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო. პროექტს კომპანია „ამბასადორი ჯგუფში“ შემავალი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ახორციელებს.
როგორც „ამბასადორი ჯგუფში“ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოები მიმდინარეობს.
„პროექტის განხორციელება ფაქტობრივად დაწყებულია. ერთი წლის წინ ხელი მოეწერა მემორანდუმს და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს კვლევით სამუშაოები წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. 3 სექტემბერს ბათუმში ხელოვნური კუნძულის საძირკველის ჩაყრისა და კაფსულის ჩაგდების ცერემონიაც გაიმართა,“-აცხადებენ „ამბასადორი ჯგუფში“.
შეგახსენებთ, ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა, რომელიც ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნას მოიცავს, სადაც აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების, კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.
პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად $100 მილიონის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" განახორციელებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში გადაეცემა.
პროექტის მიხედვით, სამხრეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი - 20,0 ჰა-მდე იქნება, ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სავარაუდო ფართი - 20,0 ჰა-მდე, კუნძული „ღუზა“ ფართი -10,0 ჰა-მდე, დამცავი მოლის სიგრძე - 1,3 კმ-ი იქნება.
სავარაუდოდ, პროექტის განხორციელება 7 წელში დასრულდება, თუმცა პირველი ეტაპი (ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის შექმნა) 2,5 წელში, მეორე ეტაპი (სამხრეთ ნახევარკუნძულის შექმნა) მომდევნო 2 წელში, მესამე ეტაპიც (კუნძულისა და დამცავი მოლის შექმნა), შემდგომ 2.5 წელში დასრულდება.