ABC ბაღი: სესხის პროცენტის სუბსიდირება მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემები უფრო მეტია
ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის დირექტორი ანა ჯოლბორდი დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ.
როგორც ABC-ის დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სექტორი პანდემიის პირობებში ერთ-ერთი დაზარალებულია, რადგან თითქმის ერთი წელია არ მუშაობს და კრიზისშია.
ჯოლბორდის განცხადებით, სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ კერძო ბაღების უმრავლესობას არ აქვს ფართები საკუთრებაში და თითქმის ყველა იჯარას იხდის.
„საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს და თუ დააინტერესებთ, აუცილებლად შევხვდებით როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ბიზნესომუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს. დეტალურად ავუხსნით იმას, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იჯარაზე გვაქვს, რადგან ამ პირობებში ყოველთვიურად იჯარას ვერ ვიხდით,“ - აცხადებს ჯოლბორდი.
დღეს თბილისის მასშტაბით ABC ბაღის 5 ფილიალი მოქმედებს.
ბაღების გახსნასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი უცნობია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თქმით, შესაბამისი განცხადება ცალკე გაკეთდება.