ზურაბ პოლოლიკაშვილი: სახელმწიფოებს მოუწევთ 1-2 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა
2020 რთული წელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, - განაცხადა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა მდივანმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".
ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პანდემიის ფონზე ბევრი კითხვის ნიშანი და დიდი გაურკვევლობაა.
"ტურისტების 70% საერთაშორისო და საჰაერო გზებით მოძრაობენ, ნახევარი წელი კი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. სახელმწიფოებს მოუწევთ დიდწილად 1-2 წლის განმავლობაში როგორც ტურიზმის სექტორის, ასევე იქ დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერა," - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ესპანეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად 4,2 მლრდ დოლარი გამოყო.
"1-ელ ივლისს გაიხსნება იტალიისა და ესპანეთის საზღვრები, იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მივდივართ და აუცილებლად დავაფიქსირებთ საქართველოს ინტერესზე. ევროპა აუცილებლად დაამტკიცებს და აუცილებლად იქნება მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის როგორ უნდა აღდგეს ტურიზმი", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.