ტურიზმი
10/10/2020

"ზამთრის სეზონის ჩავარდნის შემთხვევაში სვანეთში საოჯახო სასტუმროების 80% დაიხურება"

მესტიაში მდებარე სასტუმრო “ლეველის“ დამფუძნებელი მალხაზ ფალიანი აცხადებს, თუ ზამთრის ტურისტული სეზონი, ზაფხულის მსგავსად ჩავარდა, სვანეთში საოჯახო სასტუმროების უმეტესობა, დაახლოებით 80% დაიხურება.

„სესხები ახრჩობს ხალხს, თორემ შიმშილს კიდევ გაუძლებს ადამიანი,“ - აცხადებს ფალიანი.

მისი განმარტებით, რეგიონში გაუსაძლისი მდგომარეობაა. მისი ინფორმაციით, სასტუმროს წლის დასაწყისიდან დღემდე 100 000 ლარის ჯავშნები გაუუქმდა.

„უცხოური დიდი კომპანიები თანამშრომლობდნენ ჩემთან, ამის გამო გასულ წელს სასტუმრო გავაფართოვე, ნომრები დავამატე, თუმცა დღეს ყველა ოთახი ცარიელი მაქვს,“ - აცხადებს მალხაზ ფალიანი.

მისი განცხადებით, მთავრობამ შექმნილი სიტუაცია მეტნაკლებად გაითვალისწინა და სესხების სუბსიდირება მოახდინა. საუბარია საბანკო სესხის შეღავათზე, რომლის 70%-ს 6 თვის განმავლობაში მთავრობა ფარავს.

„30%-იც ხომ რამეა, ჩემს შემთხვევაში თვეში 250 ევრო მაინც გადასახდელი მაქვს, რაც დიდი წნეხია. კიდევ კარგი სხვა დამატებითი შემოსავალიც მაქვს, თორემ შიმშლისთვის ვიყავი განწირული,“ - აცხადებს ფალიანი.