ზამთრის პაუზის შემდეგ სასტუმრო "მანინო" მუშაობას აპრილში განაახლებს
ბადრი ჯაფარიძის დაფუძნებული კომპანია "აგარაკი უწერაში" და მის საკუთრებაში არსებული მაღალი სტანდარტების სასტუმრო “მანინო“ ზამთრის პაუზის შემდეგ მუშაობას განაახლებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ სასტუმროს თანადამფუძნებელმა, მაშო ჯაფარიძემ განუცხადა, სასტუმრო ზამთრის პერიოდში არ ფუნქციონირებდა. მიზეზი კი სოფელში გაზის უქონლობა იყო. მისივე ინფორმაციით, სასტუმრო სტუმრებს აპრილიდან მიიღებს. რაც შეეხება ფასებს, სტანდარტული ნომრის ღირებულება მოთხოვნიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე 265 ლარიდან 430 ლარამდე იქნება.
„ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ 2022 წლის აპრილი-ნოემბრის პერიოდში და საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა. ამ 8 თვის განმავლობაში დაახლოებით 2000 სტუმარს ვუმასპინძლეთ. დატვირთულობის მაჩვენებლი კი სეზონის ჭრილში 70%-მდე იყო.“ -აღნიშნავს ჯაფარიძე.
როგორც მაშო ჯაფარიძე აცხადებს, კომპანიის გრძელვადინი გეგმაა გაფართოება, რომლის იდეაც ჯერ დამუშავების პროცესშია.
მისი ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე კოტეჯის დამატება, რომელიც სასტუმრო „მანინო“-ს მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი განმარტავს, ადგილი, სადაც კოტეჯები დაემატება მათ საკუთრებაშია.
რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებასა და პროექტის განხორციელების თარიღს, პროექტის შესახებ დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, სასტუმრო „მანინო“ რაჭაში, ონის რაიონ სოფელ უწერაში 2021 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. სასტუმროში არსებული 14 ნომრიდან, 2 ლუქსის ტიპისაა, 2 – საოჯახო, 1 შშმ პირებისთვის განკუთვნილი და დანარჩენი 9 კი - სტანდარტული.
შენობა არის 3 სართულიანი, აქვს ლიფტი და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის. “მანინოს“ საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ ლარს აჭარბებს.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის "აგარაკი უწერაში" 90%-იანი წილის მფლობელი ბადრი ჯაფარიძეა, 10% კი კომპანიის დირექტორს შოთა საგანელიძეს ეკუთვნის.