ტურიზმი
27/09/2023

"World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი ქვეყნის პოპულარიზაციას უზრუნველყოფს"

ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიალს უმასპინძლებს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი, თინათინ ზოიძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, ღონისძიებას მსოფლიოში არსებული ტურიზმის სექტორში მომუშავე 25-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

მისივე განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოებაზე 1 მილიონზე მეტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი რეგისტრირდება ხოლმე, ეს იქნება წამყვანი ბრენდები, სასტუმროები, ტუროპერატორები თუ სხვა. აღნიშნული ღონისძიება კი, საქართველოს ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის, ასევე ქვეყნის როგორც ტურისტული მიმართულებით პოპულარიზაციასა და პოზიციონირებას.

აღსანიშნავია, რომ ბათუმს მიმდინარე წელს 2 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჰყავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 46%-ით, ხოლო პანდემიამდელ პერიოდს 20%-ით აჭარბებს.

"ამ დროისათვის, ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილი თითქმის სრულად მზადაა.დაახლოებით, 200-250 საერთაშორისო დელეგატს ველოდებით და რა თქმა უნდა, პროცესში ჩვენი მხრიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც ჩართული გვყავს,"- აცხადებს ზოიძე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, დაჯილდოების წინა დღეს ტურიზმის ფორუმი ჩატარდება და დისკუსიები გაიმართება, სადაც ტურიზმის სექტორში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ. ხოლო მეორე დღეს, დაჯილდოება გაიმართება, რომელზეც ქვეყნის კულტურის, ტრადიციისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდება.

ზოიძის ინფორმაციით, ნომინაცია ორ კატეგორიად იყოფა, ეროვნული და საერთაშორისო ნომინაციები, სადაც საქართველო რამდენიმე ნომინაციაშია წარმოდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი კი, საერთაშორისო ნომინაციაზეა წარმოდგენილი და ის ევროპის წარმყვან ბოტანიკურ ბაღებს კონკურენციას გაუწევს.

ცნობისთვის, „world travel awards” ქალაქ ბათუმში, 29 სექტემბერს გაიმართება და 25-ზე მეტი ქვეყნიდან ტურიზმის სექტორში მომუშავე წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ევროპის გალა ცერემონიაზე სპეციალური შოუ პროგრამით ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმართმასპინძლობა იქნება წარმოდგენილი. 

Businesspartner