ტურიზმი
29/01/2021

ვოიაჟერ 365: უცხოეთის ტურებზე მომხმარებელთა აქტიურობა უკვე შესამჩნევია

„საზღვარგარეთის მიმართულებით მომხმარებელთა აქტიურობა უკვე შესამჩნევია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ტურისტული კომპანია "ვოიაჟერ 365"-ის  გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდის აქტიურ მიმართულებად შესაძლოა შემდეგი ქვეყნები დასახელდეს: გაერთიანებული ემირატები, ეგვიპტე, კენია, მალდივის კუნძლები და ტანზანია. პირველი, რომ ეს საზღვრის კვეთისას მინიმალური რეგულაციებითაა გამოწვეული და მეორე - ეს მიმართულებები ზამთრის სეზონზე ყოველთვის აქტიურია.

“საკმარისზე მეტი დრო ვიყავით ჩაკეტილი, რამაც გამოიწვია, რომ ის ადამიანები, ვინც კორონავირუსამდე მოგზაურობდა, აქტიურად ეძებენ მიმართულებებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი ღიაა,“-აცხადებს ქუცნიაშვილი.

ქუცნიაშვილი აცხადებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული პაკეტების ფასები გაზრდილია, რაზეც ბევრმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. ის, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი და ფრენებს მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია შეზღუდული მიმართულებით ასრულებს, ეს ყველაფერი ავიაბილეთის თვითღირებულების გაზრდას იწვევს. ამას ემატება კიდევ უფრო მეტად გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში, რასაც საბოლოო ჯამში ტურის ღირებულების დაახლოებით 17%-იან ზრდას იწვევს.

„ის, რომ არსებული რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს და საქართველოს მოქალაქეს ყველა იმ ქვეყანაში წასვლის უფლება უნდა მიეცეს, ვისაც საზღვარი ღია აქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სფერო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი აქვს პანდემიის გამო, როგორმე უნდა გადარჩეს.

სამწუხაროდ, ბოლო 1 წლიან პერიოდს ბევრი ქართული ტურისტული სააგენტო ვერ გადაიტანს და, სავარაუდოდ, დაიხურებიან. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებულად გაგრძელდება და ადამიანებს, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ ვირუსი და ადამიანებს, რომლებიც მიიღებენ ვაქცინის ორივე დოზას, საშუალება ექნებათ, რომ მოგზაურობა მინიმალური შეზღუდვების ფონზე გააგრძელონ“-აცხადებს გოგა ქუცნიაშვილი.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება.