ტურიზმი
02/03/2021

Villa Palace: 62 ნომრიანი სასტუმროს 10 ნომრისთვის გახსნა არ გვიღირს

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Villa Palace გახნას აპრილში გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ჯიშკარიანმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოხსნილია შეზღუდვები და 25 თებერვლიდან შესაძლებელია სასტუმრომ იმუშაოს, ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ ამ პირობებში გახსნას აზრი არ ჰქონდა.

„ამ პერიოდში ისედაც არ არის ხოლმე დიდი აქტივობა, გარდა ამისა, ეს არის დიდი სასტუმრო, 62 ნომრიანი და არ გვიღირდა ახლა გახსნა. 10 ნომერი რომ იქნება დაკავებული 62 ნომრიან სასტუმროში, არ ღირს. 20 ნომრიანი სასტუმრო რომ ყოფილიყო, ექნებოდა აზრი გახსნას,“ - აცხადებს ჯიშკარიანი.  

მისი ინფორმაციით, აპრილიდან სასტუმრო სტუმრებს თითქმის განახევრებული ფასებით მიიღებს. „თუ გაიხსნება საზღვრები და უცხოელი ტურისტები შემოვლენ, შემდეგ  ტურისტულ კომპანიებთან გვექნება მოლაპარაკებები,“ - აცხადებს ჯიშკარიანი.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროების გახსნა ნებადართულია. საბაგიროები  8 მარტიდან გაიხსნება.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.