ტურიზმი
27/05/2021

"ვეცდები საერთაშორისო ღონისძიებები საქართველოში ჩამოვიტანო" - ვალერი ჩეხერიას გეგმები

ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ს მთავარმა კონსულტანტმა და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელმა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრმა  ვალერი ჩეხერიამ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად  მუშაობა უკვე დაიწყო.

კონკრეტულად რა გეგმებით მივიდა უწყებაში და როგორ აპირებს ტურიზმის სექტორის გაძლიერებას, ვრცლად „ბიზნესპარტნიორს“ თავად ვალერი ჩეხერია ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება მაქსიმალური პიარ კამპანია როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე იქ, სადაც რეგულაციები იხსნება და  ნელ-ნელა, თავის მოსახლეობას აქტიური მოგზაურობის უფლებას აძლევს. მათ შორისაა, ისრაელი, დუბაის მიმართულება და ასე შემდეგ. როგორც ჩეხერია აცხადებს, იქნება აქტიური  შეთავაზებები მთის და ზღვის კურორტების  მიმართულებით.

„აქტიურად ვიმუშავებ საკონფერენციო ნაწილის, ეგრეთ წოდებული MICE ტურიზმის მიმართულებით, რომ კონკრეტული ღონისძიებები ჩამოვიტანო, ვაპირებ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან და გამოვიყენო ის რესურსი, რომელიც გვაქვს ზურაბ პოლოლიკაშვილის სახით. ეს იქნება პირველი მონახაზი. რასაკვირველია შემდეგ, ტურიზმის დეპარტამენტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ძალიან სწრაფად განხორციელდეს ის გეგმები, რომელიც გვაქვს,“ - აცხადებს ჩეხერია.

კითხვაზე, ეს იქნება კრიზისიდან გამოსვლის მოკლევადიანი გეგმა თუ ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, ჩეხერია აცხადებს, რომ ორივე ერთად, რადგან ახლა დროის ფუჭად ხარჯვის შესაძლებლობა არ არის. 

„პარალელურად იქნება ორივე ერთად, რათა სწრაფად მოხდეს რაღაც ნიშნულამდე მიყვანა და ტურიზმის დაბრუნება, რადგან სტარტი მთელს მსოფლიოს ერთი გვაქვს და ყველას უჭირს ტურისტის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, იმის ფუფუნება, რომ დიდი ხანი მოვანდომოთ, ჯერ დავდოთ მოკლევადიანი გეგმა და შემდეგ გრძელვადიან კონცეფციას მივყვეთ, არ იქნება სწორი. აუცილებელია, რომ ქმედითი ნაბიჯები პარალელურად გადაიდგას.

მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს ქვეყნის პიარი, ყველას მივაწვდინოთ ხმა, რომ მზად ვართ მივიღოთ ტურისტი და დავახვედროთ შესაბამისად დაცული ინფრასტრუქტურა და ის პირობები, რომელიც მათ პანდემიისგანაც დაიცავს. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება დაიწყონ მოგზაურობა,“ - აცხადებს ჩეხერია.