ტურიზმი
01/10/2020

ვატო ასათაშვილი: საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი ვერ გამოიყენა, ფულადი სარგებელი ვერ მიიღო

„ჰელისჯი ჯორჯიას“ დამფუძნებელი მთავრობას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საქართველომ ე.წ მწვანე ზონის სტატუსი ეკონომიკური თვალსაზრისით ვერ გამოიყენა, შესაბამისად ვერ მიიღო ფულადი სარგებელი.

„სახელმწიფოს პოზიციონირებას, რომ საქართველო იყო კოვიდ მწვანე ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკისთვის არაფერი მოუცია. მთავრობას თანმდევი ნაბიჯები საერთოდ არ გადაუდგამს. საზღვრები არ გახსნა. იმის მიუხედავად, რომ მწვანე სტატუსი გვქონდა ქვეყანა, ფაქტობრივად, ჩაკეტილი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე ზაფხულის მთელი სეზონი ჩავარდა.

მეორე მხრივ, რაც კოვიდ ვითარების მართვის თვალსაზრისით მოხდა, ჩვენ უბრალოდ გადავავადეთ ის ტალღა და როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ინფიცირების აქტიურ ფაზაში. სავარაუდოდ, ინფექციის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მით უმეტეს ზამთარში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა გვექნება.

რა თქმა უნდა, ეს ზამთრის სეზონს დაარტყამს. ზამთრის სეზონის გააქტიურებას ტურიზმის ოპერატორები დაახლოებით დეკემბრიდან ელოდნენ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მასზე ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებთ. საზღვრები არ არის ბოლომდე გახსნილი, არ ვიცით, რეგიონსა და სამეზობლოში როგორი მდგომარეობა იქნება“,- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" ვატო ასათაშვილმა.