ტურიზმი
28/11/2020

ვატო ასათაშვილი: გაზაფხულს ტურიზმის სექტორში ბევრი გაკოტრებული კომპანიით შევხვდებით

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ელის, რომ გაზაფხულს საქართველო ტურისტული მიმართულებით არაერთი გაკოტრებული კომპანიის ფონზე შეხვდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლა არ აღდგა, მომავალი წლის ოთხოვე სეზონი კვლავ ჩავარდება.

„ყოველი ჩავარდნილი სეზონი, თუ სეზონის დაგვიანებული გახსნა მომდევნო სეზონის გახსნასთან კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორებას ნიშნავს. 2021 წლის სეზონთან დაკავშირებით ვერანაირი მოლოდინი ჯერ-ჯერობით ვერ გვექნება. სავარაუდოდ, გაზაფხულს ძალიან ბევრი გაკოტრებული კომპანიის ფონზე შევხვდებით. კარგ შემთხვევაში, თუ ევროპის მასშტაბითა და მეზობელ ქვეყნებში „ლოქდაუნები“ მოიხსნება, შეიძლება ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ტურიზმმა მინიმალური დოზით მუშაობა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2021-ის ტურისტული სეზონიც ჩავარდება“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ვატო ასათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. როგორც ბიზნესის უმრავლესობა აცხადებს ეს ფაქტობრივად სრული "ლოქდაუნია". უწყებათშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, გადაადგილება იზღუდება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; შეიზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილება, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ ტაქსებითა და კერძო მანქანებით; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე, აიკრძალა ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; შეზღუდვები დაწესდა ზამთრის კურორტებზეც, ამავდროულად სათხილამურო კურორტეზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.