ტურიზმი
10/11/2020

ვაპირებთ გახსნას, გვაქვს ჯავშნებიც - სასტუმრო "მარკო პოლო"

გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლო“ დღევანდელი მოცემულობით ზამთრის სეზონზე გაიხსნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ზუსტი თარიღი როდის გაიხსნება სასტუმრო უცნობია, რამდენადაც ეს დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე, შეზღუდვებსა და რეგულაციებზე, ასევე მნიშვნელოვანია როდის გაიხსნება საბაგირო ოფიციალურად და სხვა.

„მარკო პოლოს“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს უცხოელი ტურისტების მოლოდინი არ არის, თუმცა ადგილობრივების მხრიდან უკვე არსებობს ინტერესი, არის ჯავშნებიც.

„ნელი ეტაპებით, თუმცა მზადება მიდის. დამსვენებლები გვიკავშირდებიან, გვეკითხებიან როდის ვიხსნებით. ამ გადმოსახედიდან პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განცხადებით, წელს „მარკო პოლო“ დამსვენებელს ქართულ რეალობაზე მორგებული ფასებით უმასპინძლებს.

„ზოგადად, ფასის შემცირებას არ განვიხილავთ, თუმცა გარკვეული აქციები და პაკეტები მეტ-ნაკლებად მორგებული იქნება პოსტპანდემიურ პერიოდს. „მარკო პოლო“ პრემიუმ კლასის სასტუმროა და შესაბამისი ფასებიც იყო ყოველთვის, თუმცა ახალ რეალობასთან მორგებას ვაპირებთ,“ - აცხადებენ სასტუმრო „მარკო პოლოში“.

ამჟამად გუდაურში მდებარე სასტუმრო „მარკო პოლო“ არასეზონურობიდან გამომდინარე დახურულია.