ტურიზმი
05/02/2021

ვაჩვენებთ, რამდენად უსაფრთხოა მუშაობა - გიდების უფასო ტური და პროტესტი

გიდების ნაწილი ხვალ უფასო ტურებს გამართავს. იკრიბებიან მეტეხის ხიდთან, აგრეთე კონკასთან. შემდეგ კი, აქციას შეუერთდებიან, რომელიც პარლამენტთან 14:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, უფასო ტური - ეს არის სიმბოლური პროტესტი.

„რეალურად, 1 წელია ტური არ ჩაგვიტარებია. მუშაობა გვინდა. აგრეთვე ვაჩვენებთ, რამდენად უსაფრთხოა მუშაობა“, - აღნიშნა ალექსანდრე გიორგიძემ.

მისი თქმით, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე, გიდების გარდა იქნებიან რესტორატორები, გასართობი ცენტრები, რომლებსაც ეყოლებათ ანიმატორები, ფიტნესის წარმომადგენლები, მუსიკოსები, იქნება მუსიკალური ნომრები.

ამასთან, როგორც ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებიდან ჩანს, რომ ტურიზმი კიდევ 2-3 თვე ვერ ამუშავდება.

„რაც მოვისმინეთ ყველაფერი ფიქციაა, რადგან 2-3 თვე კიდევ არაფერი იქნება. არც რეგულაციები აქვთ, მაგალითად როგორ ვატაროთ ჯგუფი. არ ვიცით ფრენების განრიგი. სინამდვილეში ჩვენ აპრილიდან ან მაისიდან ავმუშავდებით.  

რაც ყველაზე მთავარია არ გახსნეს ზამთრის კურორტები. არც გაიხსნება. რომც თქვან, 15 თებერვლიდან ვხსნითო, ეგეც დაგვიანებულია.

ადამიანების სიმჭიდროვე ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს, საბაგიროების გახსნა კი უფრო უსაფრთხო იქნებოდა, რადგან ადამიანები ტერიტორიაზე უფრო გაშლილად იქნებოდნენ. ზამთრის კურორტებზე უცხოელთა რაოდენობა 40%-ია, ამჯერად ისინი გამოირიცხებოდა. ადგილობრივთა რაოდენობაც მცირე იქნებოდა და რეალური დატვირთვა 20-30%-ს მიაღწევდა“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.