ტურიზმი
26/04/2022

უწერაში Radisson-ის ბრენდის სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება

ონის რაიონის, კურორტ უწერაში Radisson-ის ბრენდის სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, 85 ნომრიანი სასტუმრო სანატორიუმი უწერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

„5 ვარსკვლავიან სასტუმროში იქნება 25 მეტრიანი აუზი, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი. მიმდინარეობს მოლაპარაკება და თითქმის უკვე დასრულებულია საერთაშორისო ოპერატორ Radisson-თან. არსებობს სიტყვიერი თანხმობა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო დონის სასტუმროების ქსელი რაჭაში დაიწყებს ოპერირებას,“ - აცხადებს ხიდეშელი.

მისივე განმარტებით, მშენებელობის პროცესში ძირითადად, დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა, ანალოგიური გაგრძელდება სასტუმროს გახსნის შემდეგაც.მასში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირება ხორციელდება.  

შეგახსენებთ, კურორტი უწერა ცნობილია სასარგებლო  მინერალური წყლებით, რაჭაში ყველაზე მეტი მინერალური წყალი აღნიშნულ სოფელშია.