ტურიზმი
11/05/2021

ტუროპერატორთა ასოციაცია სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვს

ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ქვეყანამ სახმელეთო საზღვრები უნდა გახსნას.

“ბოლო 6 თვეა ამბობენ, რომ სახმელეთო საზღვრები გაიხსნება, მაგრამ მსჯელობის დაწყება შედეგი არ არის. ჩვენ გვინდა შედეგი. სხვა ქვეყნებს ერთმანეთს შორის სახმელეთო საზღვრები გახსნილი აქვთ. ევროპას ყველაფერში რომ ვედრებით, საჭიროა რეგულაციების სწორი მართვა და გეგმების დასახვა.

ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ტურიზმი იყო, სახმელეთო საზღვრები ცუდად იყო მობილიზებული, მოუწესრიგებელი - სველი წერტილებიდან დაწყებული, ჰიგიენით გაგრძელებული, გასვლითი პროცედურების გართულების ჩათვლით“,- აღნიშნა ია თაბაგარმა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში პირველ რიგში ადგილობრივი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს.

“იქვე უნდა იყოს ლაბორატორია, სადაც ვიზიტორები კოვიდტესტების გაკეთებას შეძლებენ. აცრის გაკეთებაც კი შეიძლება მსურველთათვის. სხვა ქვეყნებში, საზღვრებთან, ასევე აეროპორტებშიც ჯიხურებია, სადაც ადამიანს შეუძლია შევიდეს, ფული გადაიხადოს და აიცრას“, - განაცხადა ია თაბაგარმა.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროცნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნის საკითხის გახსნაზე განხილვა იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგში მალე დადგება.

“სახმელეთო საზღვრიდან შემოსვლა უფრო მეტია, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან. აქედან გამომდინარე, ეპიდსიტუაცია უნდა იყოს გათვალისიწნებული, ჩვენთანაც და ირგვლივაც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.