ტურიზმი
14/01/2023

"ტურიზმის შესახებ კანონპროექტი გიდების, ტუროპერატორებისა და სასტუმროების ნაწილში დასახვეწია"

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე ტურისტული სექტორის მარეგულირებელი კანონპროექტის (რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს) გარკვეულ პუნქტებს ეწინააღმდეგება, თუმცა, იმედოვნებს, ტურიზმის კანონპროექტის საბოლოო ვერსიის მიღებისას ბიზნესსექტორის და სხვადასხვა ასოციაციის მხრიდან მიწოდებული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის და ამჟამად, კანონის სამუშაო ვერსია არსებობს.

„ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. ამაზე ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიკაცია პარლამენტთან, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადამინისტრაციასთან. ეს არის ჯერ კიდევ მუშა პროცესი, ბევრი პუნქტია დასახვეწი როგორც ტუროპერატორების, ისე სასტუმროებისა და გიდების ნაწილში. ამაზე მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა და სწორედ ამ პროცესის შემაჯამებელი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი საჯაროდ განსახილველად.

თავისთავად, გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოთხოვნა და შენიშვნა, რაც ბიზნესის მხრიდან არის. მათ შორის,  ჩვენი ასოციაციის მხრიდანაც მიწოდებულია გარკვეული შენიშვნები“, - აღნიშნა ნატალია კვაჭანტირაძემ.

მისივე განმარტებით, ტურიზმის კანონის მამოძრავებელი ღერძი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ბიზნესს იმისთვის, რომ უფრო განვითარდეს, უფრო მოქნილი პლატფორმა შეიქმნას და არა, შემაფერხებელი.

შეგახსენებთ, უახლოეს მომავალში ტურიზმის სექტორს სრულიად ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი ექნება.

მან 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდსა ჩაანაცვლოს. ახალი ნორმატიული დოკუმენტის პროექტი, რომელზეც წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს. თავად ტურისტული სექტორი მარეგულირებელი კანონპროექტის (რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს) გარკვეულ პუნქტებს ეწინააღმდეგება.

 

Businesspartner