ტურიზმი
21/09/2020

ტურიზმის სექტორს ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დახმარება სჭირდება - რას ურჩევს UNWTO საქართველოს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეუნარჩუნონ კერძო სექტორს ლიკვიდურობა. ამავე რეკომენდაციას აძლევს ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოსაც. როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში განმარტა, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორი ჩამოიშლება.

„ჩვენ ყველა სახელმწიფოსთვის 2 რეკომენდაცია გვქონდა. პირველი, ყველაზე ძალიან კერძო სექტორი დაზიანდა და დღეს ისევ ღრმა კრიზისში იმყოფებიან როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდი კომპანიები, შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის იყო ის, რომ სახელმწიფოებს მათთვის ფინანსური მხარდაჭერა გამოეხატათ ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად. ჩვენ წელიწად ნახევრიდან 2 წლამდე რეაბილიტაციის პერიოდს ვიღებდით. მეორე, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა ყოფილიყო მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ სექტორში იყო დასაქმებული. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ 100 ათასზე მეტ ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელიც სექტორშია დასაქმებული. მათი სამუშაო ადგილები უნდა შენარჩუნდეს. რიგ ქვეყნებში ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი უჯდებათ სახელმწიფოებს, მაგრამ ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ სექტორი არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა შეინარჩუნონ შემოსავლის წყარო“,- აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.