ტურიზმის კანონპროექტი პარლამენტში წლის ბოლომდე დაინიცირდება
ტურიზმის კანონპროექტი პარლამენტში წლის ბოლომდე დაინიცირდება. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კერძო სექტორს გარკვეულ სტრუქტურაში მოაქცევს. ჯერჯერობით კანონპროექტთან დაკავშირებული დეტალები უცნობია.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ დოკუმენტის შემუშავებაში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესია ჩართული.
"პარლამენტის ლიდერშიფით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის კანონპროექტზე. აქ ძალიან აქტიურადაა ჩართული კერძო სექტორი. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ხელისუფლებაც პარლამენტთან ერთად და დონორი ორგანიზაციები. ვფიქრობთ, ტურიზმის კანონი მოკლე ვადაში, ალბათ, წლის ბოლომდე დაინიცირდება. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბიზნესებს. გარკვეულ სტრუქტურასა და ჩარჩოში მოაქცევს ამ ძალიან მნიშვნელოვან სექტორს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილი პარლამენტში 2020 წლის მუშაობის შედეგებს დეპუტატებთან აჯამებს და მათ სამომავლო გეგმებს აცნობს.