ტურიზმი
22/09/2020

ტურიზმის აღდგენის რა სცენარებს განიხილავს UNWTO - ზურაბ პოლოლიკაშვილის განმარტება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო წლის ბოლომდე მსოფლიო ტურიზმი, სავარაუდოდ, 80%-ით შემცირდება. ზურაბ პოლოლიკაშვილს უჭირს განმარტოს, როდის დაიწყებს დარგი კრიზისიდან გამოსვლას.

“მსგავსი კრიზისი ისტორიის განმავლობაში ტურიზმს არ ახსოვს. პირველად მოხდა ის, რომ 190 ქვეყანა ჩაიკეტა. აქედან გამომდინარე კრიზისი და ზარალი ძალიან დიდი იყო. ჩვენ ორი სცენარი გვაქვს. ერთი მათგანით ვსაზღვრავდით, რომ სექტემბერში აღდგებოდა გარკვეულწილად და კლება დაახლოებით 60-70%-მდე იქნებოდა. მეორე სცენარის მიხედვით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 80%-ს გაუტოლდებოდა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მეორე სცენარი უფრო რეალური იქნება. საუბარია წელიწადში მილიარდი უცხოელი ვიზიტორის კლებაზე“,- აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

მანვე ის პირობები განმარტა, რომელიც ტურიზმის სექტორს კრიზისული ვითარების დაძლევაში დაეხმარება.

„ეს დამოკიდებულია პირველ რიგში საზღვრების გახსნაზე. თუ საზღვრები არ გაიხსნა და საჰაერო მიმოსვლა არ აღდგა, მოგზაურების 60-70% თვითმფრინავით გადაადგილდება, აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია ამის დაგეგმვა. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც პანდემიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული“,- აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.