ტურიზმი
23/06/2020

"ტურისტულ ტრანსპორტზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეგულაციების გავრცელება მნიშვნელოვანია"

ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს. 

"გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან COVID-19-ის გამო ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციების დანერგვა გახდა საჭირო. რეგულაციებზე მუშაობა სასტუმრობის, კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, გიდების,  სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმდინარეობდა და კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად დამტკიცდა. შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას იმ ფორმით, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. COVID-19- ის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ  ადაპტაცია მოახდინონ ახალ სტანდარტებზე,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება - აღნიშნული გადაწყვეტილება 22 ივნისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

Businesspartner