ტურიზმი
24/12/2020

თბილისში,Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მენეჯმენტი ცდილობს ზარალი მინიმუმამდე დაიყვანოს

თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო ცდილობს ზარალი მინიმუმამდე დაიყვანოს. როგორც პროექტის განმახორციელებლი კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, თუმცა,პანდემიის პირობებში მის გახსნას აზრი არ აქვს.

„პატარა დატვირტულობით მუშაობას სჯობს გამორთული იყოს, ნაკლები ხარჯია. ახლა გახსნას აზრი არ აქვს, ბრენდირებული სასტუმროა და მაინც შემომავალ ტურისტზეა ორიენტირებული.

გათბობა-გაგრილებას სრულად ვერ ვთიშავთ, მინიმუმზეა დაყენებული,ეს გაზის ხარჯია და ამის დაფარვა გვიწევს.პლიუს დაცვის მომსახურება და რამოდენიმე ადამიანი, რომელიც შემოვლებს აკეთებს. ეს ხარჯი ათჯერ უფრო მცირეა, ვიდრე 20%-იანი დატვირტულობით გახსნა სასტუმრო. დღეს კომპანია თვიდან თვეზე ზარალს აგენერირებს, რაც მეტად შევამცირებთ ამ ზარალს, ამაზე ვართ ორიენტირებულები. ამაზე მუშაობს “რედიქსის“ Horeca -ს გუნდი “-აცხადებს პაპაშვილი.

სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. Hilton-ის პირველი სასტუმრო დედაქალაქში ჯერ 2020 წლის თებერვალში, შემდეგ კი მარტში უნდა გახსნილიყო.

Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.