ტურიზმი
17/12/2020

Tbilisi Marriott-ი: საახალწლოდ კულტურული ღონისძიებები არ დაგვიგეგმავს

სასტუმრო Tbilisi Marriott-ს ახალ წელს კულტურული ღონისძიებები არ დაუგეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Tbilisi Marriott-ის საზოგადებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის კოორდინატორმა ქეთო შუბლაძემ განუცხადა, კომპანიამ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრად ადრე მიიღო.

„არც გვიღირდა რეალურად, თუ ვიღაცას დასჭირდა ახალ წელს ნომრის დაჯავშნა, ინდივიდუალური ვახშამი და მსგავსი აქტივობა, ამას რა თქმა უნდა, დავუგეგმავთ და ასეთ სერვისზე მოთხოვნა გვაქვს. თუმცა მომხმარებლები ხშირად მოგვმართავდნენ კითხვით, გვაქვს თუ არა საახალწლო პროგრამები და ღონისძებები,“ - აცხადებს ქეთო შუბლაძე.

მისი განცხადებით, სასტუმრო Tbilisi Marriott-ი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შექმნილ სიტუაციაში ცდილობს ადგილობრივ სეგმენტს ინდივიდუალური შეთავაზებები გაუკეთოს. როგორც შუბლაძე აცხადებს, პანდემიამდე Tbilisi Marriott-ის ძირითად სეგმენტს უცხოელი ტურისტები წარმოადგენდნენ, დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია, ჯავშნები შედარებით შემცირებულია.

Tbilisi Marriott-ში დახურვის სცენარს არ განიხილავენ. შუბლაძე განმარტავს, რომ სასტუმროს მენეჯმენტი მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს, რომ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სასტუმროებს საახალწლო ღონიძიებების ჩატარების უფლება არ ექნებათ.

„სასტუმროებს, რომლებიც საახალწლოდ სტუმრებს ელოდებით, შეგახსენებთ, რომ იკრძალება კულტურული ღონიძიებები მაყურებლის დასწრებით“, -  განაცხადა თურნავამ. მისი ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების დაცვა ბიზნესსუბიექტებს მკაცრად მოუწევს. თურნავამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ახალი წელი მოკრძალებულად, სახლებში იზეიმონ.