ტურიზმი
05/11/2021

TBC Capital: სექტემბერში სასტუმროების დატვირთულობა 27%-ით შემცირდა

როგორც წესი, ზაფხულის ყველაზე ცხელი თვის შემდეგ სასტუმროების საშუალო დატვირთულობა კლებას იწყებს.

TBC Capital–ის სექტემბრის მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით სასტუმროების დატვირთულობა 27%-ით შემცირდა და 50% შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით ნაკლებია.

22%-ით შემცირდა დატვირთულობა დიდ სასტუმროებში და 58%-ს გაუტოლდა. მცირე და საშუალო სასტუმროებში დატვირთულობა 42%-მდე შემცირდა და 17%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს.  

ამ სეზონზე ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი რთველი და კახეთის რეგიონია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ყველაზე მაღალი დატვირთულობა, 62% სწორედ ამ რეგიონის სასტუმროებში დაფიქსირდა და, იმავდროულად, 2019 წლის მაჩვენებელს 22%-ით გადააჭარბა. ზრდას ისიც განაპირობებს, რომ ადგილობრივ ვიზიტორებში რეგიონის მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია.

რაც შეეხება ზღვისპირეთს, სასტუმროების დატვირთულობამ 41% შეადგინა და მხოლოდ 7%-ით ნაკლებია 2019 წლის დონეზე. ყველაზე მაღალი კლება თბილისის სასტუმროებში დაფიქსირდა. სექტემბერში დატვირთულობა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 32%-ით შემცირდა და 52%-ს გაუტოლდა. – ნათქვამია, TBC Capital–ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების რაოდენობის კლებამ სასტუმროებში საშუალო დღიურ ფასზეც იმოქმედა. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი 23%-ით შემცირდა, რაც შესამჩნევი კლებაა წინა თვესთან შედარებით. სეზონურობასა და კოვიდ-19-ის დღიური შემთხვევების ზრდას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მომდევნო თვეებში საშუალო დღიური ფასის ზრდა შემცირდეს.

2019 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა. ჯამურად, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების კლებამ, 2019 წელთან შედარებით, 23% შეადგინა. თბილისის სასტუმროებში დანახარჯები 37%-ით შემცირდა.