TBC Capital: სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 51%-ით აღდგა
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 51%-ით აღდგა. ეს მაჩვენებელი მაღალია წინა თვესთან შედარებით, როდესაც აღდგენამ 48% შეადგინა.
შემოსავლებში ლიდერობენ ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი 16.5%–ით,თუმცა მათი წილი 2019 წლის დონეს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. უკრაინის წილი გაორმაგდა და 14.9%-ს გაუტოლდა. ვიზიტორების ზრდასთან ერთად ისრაელის წილი შემოსავლებშიც გაიზარდა და 6.5% შეადგინა, რაც აგვისტოსთან შედარებით (0.9%) შესამჩნევი გაუმჯობესებაა.
2019 წლის სექტემბერში მეზობელი ქვეყნების წილი საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავლებში 41%-ს შეადგენდა, 2021 წლის იმავე პერიოდში კი 26%-მდე შემცირდა. იმავდროულად, რუსეთის წილი განახევრდა და მხოლოდ 12%- ს გაუტოლდა. ასევე შემცირდა დანარჩენი მეზობელი ქვეყნების წილები, რაც უმეტესად ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული.
TBC Capital-ის მიხედვით, 2021 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, 2019 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. აგვისტოში ზრდის ტემპმა შენელება დაიწყო და ეს ტრენდი სექტემბერშიც გაგრძელდა. 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, არარეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვა 7%-ით გაიზარდა.