ტურიზმი
09/12/2021

TBC Capital: საქართველოში ტურიზმის აღდგენის დონე მსოფლიოსთან შედარებით საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა

Covid-19 პანდემიის ორი წელი და გავლენა ტურიზმზე – TBC Capital-მა ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ განახლებული რეპორტი გამოაქვეყნა.

2021 წელს მსოფლიომ წინ გადადგა ნაბიჯი ვირუსის „მოსათვინიერებლად“ და შესაბამისად, ინდუსტრიამაც აღდგენა დაიწყო.

TBC Capital–ის მონაცემებით, 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წლის (10 თვე) მაჩვენებლის 21%-ს გაუტოლდა.

საქართველოში აღდგენის დონე მსოფლიოსთან შედარებით საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მსოფლიოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ, 2019 წლის დონის 24% შეადგინა, მაშინ როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 27% იყო. შედარებით სუსტი აღდგენა შესაძლებელია აიხსნას საქართველოს მთავარი ბაზრის პორტფელის შემადგენლობით.

რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებს, 2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი შედარებით უფრო მაღალი აღდგენის დონით ხასიათდება. 1 ნოემბრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 2019 წლის (10 თვე) მონაცემის 35.4%-ს შეადგენს. კოვიდისაგან შედარებით დაცული გარემო დანიშნულების ადგილებში, მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ამასთანავე, ვაქცინაციის განსხვავებული მაჩვენებლები, სწორედ ამ ფაქტორებით შეიძლება აიხსნას მსოფლიოს რეგიონებში არსებული სხვადასხვა აღდგენის დონე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისის დასასრულს, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 8.1% იყო აცრილი, ხოლო ეს მაჩვენებელი მსოფლიოსთვის 28.3%-ს შეადგენდა.