TBC Capital: საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 95%-იან აღდგენას აჩვენებს
ტრადიციულად, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ტურიზმისთვის ყველაზე აქტიური თვეა. 2022 წლის ივლისიც არ იყო გამონაკლისი, რომელიც წლის სხვა თვეებთან შედარებით აღდგენის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
TBC Capital-ის მონაცემებით, საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 95%-იან აღდგენას აჩვენებს, 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო სახმელეთო საზღვრის გადაკვეთამ 69%-იანი წილი შეადგინა მთლიან ვიზიტებში, რაც 2019 წლის დონის 61%–ს შეადგენს.
2022 წლის ივლისში სარფის (თურქეთის საზღვარი) და ყაზბეგის (რუსეთის საზღვარი) სახმელეთო საზღვრებზე ყველაზე მეტი გადაკვეთა იყო, მაშინ, როდესაც წინა თვეებში თბილისის აეროპორტი ლიდერობდა. ჯამში, ამ ორი საზღვრის გავლით მოგზაურობის რაოდენობამ საქართველოში ყველა მოგზაურობის 21% და 20% შეადგინა.
საერთაშორისო მოგზაურობების განაწილება სხვა საზღვრებით ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 19%; სადახლო (სომხეთის საზღვარი) - 18%. ბათუმის აეროპორტი – 7%, ქუთაისის აეროპორტი – 6%, ამ ექვსი საზღვრიდან საერთაშორისო ვიზიტორთა ჯამმა შეადგინა ყველა მოგზაურობის 91%. ვიზიტორებში 59%–ს მამაკაცები იკავებენ, ხოლო მოგზაურების საერთო რაოდენობაში 49% 31-50 ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნის.