TBC Capital: ბათუმში ტურიზმის აღდგენა უფრო ძლიერია, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში
TBC Capital–მა აჭარის ტურიზმისა და მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ განახლებული კვლევა წარადგინა.
მიმოხილვის თანახმად, აჭარაში ტურიზმი ძლიერ აღდგენას განაგრძობს. მაისის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 319 796 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა. მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, $259 მლნ შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 96%-იან აღდგენას ნიშნავს.
ამასთან, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, ბათუმში ტურიზმის აღდგენა კიდევ უფრო ძლიერია. პირველ კვარტალში, ბათუმში 173 000 საერთაშორისო და 368 000 ადგილობრივი ვიზიტი დაფიქსირდა.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტით ჩამოსულ საერთაშორისო ტურისტებს, ყველაზე დიდი წილი, წინა წლების მსგავსად, ისრაელის მოქალაქეებს უკავიათ.
2022 წლის მაისის მონაცემების თანამხად, სასტუმროებში 70%-იანი დატვირთულობა ფიქსირდება, სასტუმროების საშუალო დღიური ფასი კი $90-ია. TBC Capital–ის პროგნოზით, ზაფხულში სასტუმროების 85%-იან დატვირთულობა და 320 000 ვიზიტორია მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი თურქეთის მოქალაქეებზე მოდის.
2019 წელთან შედარებით, საუდის არაბეთიდან ვიზიტორების დანახარჯები 15-ჯერ, ბელორუსიიდან ვიზიტორების დანახარჯები კი 40-ჯერაა გაზრდილი. შეცვლილია დანახარჯების სტრუქტურა. 2022 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი - 35%-იანი წილი კაფეებსა და რესტორნებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ აჭარაში აზარტული თამაშების მიმართულებით დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირებულია.