თამაზ მჭედლიძე: სენაკში "ბიოლის" ფილიალის გახსნა ამ ეტაპზე პრიორიტეტული არ არის
პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლს“ სენაკში ახალი ობიექტის გახსნა მინიმუმ 3 წლით გადავადდა.
ველნეს კურორტის მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პანდემიის გამო როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ეკონომიკის განვითარება შეფერხდა, რამაც პროექტების შეჩერება გამოიწვია.
გარდა ამისა, როგორც მჭედლიძე აცხადებს, ამჟამად კომპანიის პრიორიტეტი კოჯორში, ველნეს ინსტიტუტის განვითარებაა, რომლის დასრულების შემდეგ ბიზნესმენი აქცენტს რეგიონებში განვითარებაზე აიღებს.
„ბიოლი“ გაფართოებას სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში, დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორიაზე გეგმავდა.
„ეს იქნება სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლის“ ფილიალი, სადაც შესაძლებელი იქნება ვერტმფრენით გადაფრენა. საბჭოთა პერიოდში აქ სანატორიუმი იყო, ტერიტორია არსებული გოგირდოვანი წყლის ორი გეიზერით უკვე კომპანიის საკუთრებაშია,” - აცხადებს მჭედლიძე.
შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური უზრუნველყოფს.
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.
თამაზ მჭედლიძეს საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი“ აქვს რუსეთში.