თამარ თანდაშვილი: ტურიზმის ახალი რეფორმა დღეისთვის არსებულ ყველა გამოწვევას უპასუხებს
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
„ტურიზმის შესახებ ძველი კანონი, რომელითაც 1997 წლიდან ინდუსტრია ოპერირებს, ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც სეტორი დგას. ახალი რეფორმა კი ყველა გამოწვევას უპასუხებს," - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელმა, თამარ თანდაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ტურიზმის ალიანსი 3 წლის განმავლობაში თემატურ ჯგუფებთან შეხვედრებს ახორციელებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით მომზადდა.
„ასეთი მასშტაბური სახით რეფორმა, რომელიც ქვეყანაში დღევანდელ გამოწვევებს უპასუხებს, სტატუსის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრია მოწესრიგებული იყოს. ქვეყანაში ძალიან ცოტა ტუროპერატორია, რომლებიც ჩარტერული ფრენებით დამოუკიდებელ პროდუქტს ახორციელებენ. ამ პროდუქტს კი ტურისტული კომპანიები ყიდულობენ და მომხმარებელს აწვდიან," -აცხადებს თანდაშვილი.
მისი მტკიცებით, ქართულ ბაზარზე ტუროპერატორების მცირე რაოდენობაა, შესაბამისად, საერთაშორისო კომპანიები შემოდიან ქვეყანაში და ქართულ ტურისტულ კომპანიებს სთავაზობენ საკუთარ პროდუქტს, გამყვანი ტურიზმის მიმართულებით.
მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა კი სანდოობას გააჩენს ქართულ კომპანიებში.
აღსანიშნავია ასევე დონორების როლიც, რომლებიც კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობას ხელს უწყობს. ამას გარდა ისინი კომპანიებს ეხმარებიან სამართლიანი, ადეკვატური და გამჭვირვალე პროცესების მართვაში.
ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.