"სწორად დაგეგმვის შემთხვევაში სათავგადასავლო ტურიზმი ქვეყანას უზარმაზარ შემოსავლებს მოუტანს"
მსოფლიოში სათავგადასავლო ტურიზმის როლი იზრდება. სულ უფრო მეტი ევროპელი მკვლევარი და ანალიტიკოსი წერს, რომ ტურიზმის სექტორის ეს მიმართულება, შემდგომ წლებში კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, ვინაიდან პოსტ კოვიდ ტურიზმი შეცვლილია - სულ უფრო მეტი ადამიანს უნდა ბუნებაში ყოფნა, უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო მთაში, დაცულ ტერიტორიებზე, ბუნებაში ფეხით სიარული ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
როგორც საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციაციაში ამბობენ, მსოფლიოს ახალ ტრენდს, ფეხი საქართველომაც უნდა აუწყოს და ბუნებაში მოგზაურობის მსურველებს ელემენტარული კომფორტი უნდა დაახვედროს მთის ბილიკებსა და გზებზე. ასოციაციაში კულტურულ ტურიზმზეც ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ ეს მიმართულება საინტერესოა ჩვენი ქვეყნისთვის და ყოველთვის ხალხმრავლობაა იქ, სადაც კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ბილეთები იყიდება. დარგის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ნაწილში განიხილავენ პილიგრიმულ ტურიზმსაც და განმარტავენ, რომ მარკეტინგულად, ცალკე პილიგრიმული ტურიზმის წამოწევა რთული იქნება, ამიტომ, ეს მიმართულება უნდა განვავითაროთ, როგორც კულტურული ტურიზმის ნაწილი.
ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, რომ საქართველოში ზოგგან შუა საუკუნეების მონასტრებში გვხვდება დაგებული მეტლახი, რომელიც არის შეუთავსებელი კულტურული მემკვიდრეობისთვის. ამასთან, თაბაგარი ამბობს, რომ ბევრი მონასტერია, რომლის დათვალიერება ტურისტებს სურთ, თუმცა რთული ბარიერების გადალახვა უწევთ.
„პილიგრიმული ტურიზმით არაერთხელ დაინტერესებულა ბევრი უცხოელი ტუროპერატორი, რომ საქართველოში ტურისტები გამოეგზავნათ. იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში 90%-ზე მეტი მართმადიდებელი ქრისტიანია, მიიჩნევა რომ პილიგრიუმული ტურიზმის ნაწილში, ჩვენ ვართ საინტერესო როგორც ქრისტიანული ქვეყანა. ამიტომ, ამ მიზნით, ჩვენთან ძირითადად მართლმადიდებელი ქვეყნებიდან ჩამოდიან: რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან. იმისთვის, რომ ეს დარგი განვავითაროთ, საჭიროა უფრო ფართოდ შევხედოთ ამ საკითხს. როცა ვსაუბრობთ პილიგრიმული ტურიზმის განვითარებაზე, საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტული ქვეყანა და მხოლოდ ქრისტიანობაზე არ უნდა იყოს აქცენტი. ჩვენი მოქალაქეები არიან მუსლიმებიც, სხვადახვა მცირე რელიგიული ჯგუფებიც“, - აღნიშნა ია თაბაგარმა და დასძინა, რომ პილიგრიმული ტურიზმი უნდა განიხილებოდეს მთლიანობაში.
როგორც ასოციაციაციის თავმჯდომარე განმარტავს, პილიგრიმული ტურიზმი უნდა იყოს კულტურული ტურიზმის ნაწილი და თუ რამე უნდა გამოვყოთ ცალკე, ეს არის ზამთრის კურორტები, სათავგადასავლო ტურიზმი, რომელიც უზარმაზარ შემოსავლებს მოუტანს ქვეყანას, თუ სწორად დაიგეგმება.
ცნობისთვის, საქართველოს პილიგრიმული ტურიზმის შესახებ სტატია BBC-იმაც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის პილიგრიმულად საინტერესოა.