ტურიზმი
22/02/2022

სოლოლაკში Autograph Collection-ისა და საკონფერენციო ცენტრის კონცეფცია, შესაძლოა, შეიცვალოს

სოლოლაკის ქედზე, უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და მასშტაბური საკონფერენციო ცენტრის პროექტის კონცეფცია შესაძლოა შეიცვალოს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, სოლოლაკის ქედზე არსებული პროექტის ვადები შეიცვალა მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რამაც საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია სასტუმრო ინდუსტრიის სფეროზე, განსაკუთრებით კი თბილისში მდებარე სასტუმროებზე.

სწორედ არსებული გამოწვევები შეიძლება გახდეს პროექტში ცვლილებების შეტანის მიზეზი.

პროექტის ბიუჯეტი 115 მლნ დოლარია. 

როგორც ცნობილია, სოლოლაკში იგეგმება 190 ნომრიანი სასტუმროსა და მასშტაბური საკონფერენციო ცენტრის მშენებლობა. ცენტრში თავმოყრილი იქნება მაღალი კლასის შეხვედრების ოთახები შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საკონფერენციო დარბაზები, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი 3 000 ადამიანის გამასპინძლებას შეძლებს.

პროექტის მიზანია საქართველოში MICE ტურიზმის განვითარება, რადგან ექსპლუატაციაში ჩაშვების დღიდან აღნიშნულ პროექტს შესაძლებლობა ექნება უმასპინძლოს ფართომასშტაბიან საერთაშორიო კონფერენციებს, რისი საშუალებით საქართველო მოიზიდავს ახალი სეგმენტის ტურისტებს და თავს დაიმკვიდრებს მსოფლიო MICE ტურიზმის რუკაზე.

პროექტი საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება თაბორის პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს“. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr). 34 გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.