"სილქ როუდ ჯგუფი" ტურიზმის სექტორში ზრდას ელის
"სილქ როუდ ჯგუფში" შემავალი ტურიზმის მიმართულება პანდემიამდელ მაჩვენებლებს უბრუნდება. ჯგუფის ფინანსური დირექტორი ნონა ონიანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ კომპანია ამ მიმართულების ბიზნესშის ზრდას ელის.
"ჩვენი ბიზნესებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ვხედავთ სრულ აღდგენას 2019 წელთან შედარებით, მათ შორის შემოსავლების მხრივაც, ხოლო დატვირთულობის კუთხით თითქმის მიღწეულია პანდემიამდელი ნიშნული. სამომავლოდ ჩვენი მოლოდინია არა მხოლოდ აღდგენა, არამედ ზრდა, რის თქმის საფუძველსაც ჩვენს ჯგუფში არსებული სიტუაცია, ასევე სხვადასხვა კვლევა გვაძლევს. მაგალითად, თიბისი კაპიტალის ბოლო კვლევა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ტურიზმის სექტორსაც მოიცავდა ძალიან გვეხმარება სწორი მოლოდინების შექმნაში," - ამბობს ნონა ონიანი.
რაც შეეხება კადრების დეფიციტს, კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიიის დასაწყისიდანვე სწორი ნაბიჯები გადაიდგა და სამსახურიდან არავინ გაუშვიათ.
"ანაზღაურების ნაწილში იყო მცირე ცვლილებები, თუმცა ჩვენს თანამშრომლებს ისეთი პაკეტები შევთავაზეთ, რამაც არათუ კადრების გადინება არამედ მათი გაძლიერება გამოიწვია. ახლა შესაძლოა იმაზე მეტი რესურსი გვაქვს, რაც გვჭირდება, მაგრამ ესეც სტრატეგიის ნაწილია, იქედან გამომდინარე, რომ ზოგადად სექტორი თანამშრომლების ნაკლებობას განიცდის,"-აცხადებს "სილქ როუდ ჯგუფის" ფინანსური დირექტორი.
ცნობისთვის, "სილქ როუდ ჯგუფის" ტურიზმის მიმართულება "სილქ ჰოსპიტალიტის" ქვეშ ერთიანდება, რომელსაც საქართველოში სასტუმრო და გასართობი ბიზნესის სექტორში წამყვანი პოზიცია უჭირავს, 14 მოქმედი ობიექტითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით.