"შუხმან ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებით ახალ პროექტებს აანონსებს
პანდემიის მიუხედავად, „შუხმან ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა, მიუხედავად ყველაფრისა კომპანია სხვადასხვა საინტერესო ახალი პროექტისთვის ემზადება. "დეტალები ძალიან მალე გახდება ცნობილი“, - აცხადებს აბრამიშვილი.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, აბრამიშვილი აცხადებს, რომ „შუხმანის შატომ“ კახეთში ზაფხულის სეზონიდან მუშაობა რეგულაციების დაცვით განაახლა. თუმცა, ტურიზმის რაიმე მაჩვენებელზე საუბარი ძნელია, რადგან შატოს მხოლოდ ქართველი სტუმარი ისიც ძირითადად შაბათ-კვირას სტუმრობს.
ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით შიდა ტურიზმი საკმაოდ გააქტიურებულია. კერძოდ, ადგილობრივმა ტურისტებმა სტუმრობა სხვადასხვა რეგიონში დაიწყეს.
„მიხარია, რომ ქართველი სტუმარი დააფასებს თავისი ქვეყნის, რეგიონის კურორტებს და შიდა ტურიზმი გააქტიურდება. ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, ეს მიმართულება საქართველოში საკმაოდ ნელა ვითარდება. Covid-19-ის პირობებში, ტურისტული ჭრილით, ერთი მხრივ, განახევრებულია მაჩვენებლები, მეორე მხრივ, სახეზე გვაქვს ადგილობრივი ტურისტების ზრდა, რომელიც მათ ქცევაში ჩამოყალიბდება. თუნდაც იმაში, რომ ყველა ერთად ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნის ბიზნესების განვითარებას“, - აცხადებს აბრამიშვილი.
კითხვაზე, რატომ აქამდე არ ვითარდებოდა ქვეყანაში შიდა ტურიზმი, აბრამიშვილი ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს იმას, რომ ქვეყანაში სერვისები დაუხვეწავი იყო. დღეს კი ტენდენციები იცვლება, ბოლო წლებია სტუმარ-მასპინძლობის სფერო იხვეწება.
„მეტს ვსწავლობთ, სტუმარს უკეთესად ვემსახურებით. უნდობლობა ნელ-ნელა ქრება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დაეცა ფასები. ღირებულება მოთხოვნის სიმცირესთან ერთად შემცირდა და ქვეყანაში დასვენება ხელმისაწვდომი გახდა. პანდემიამდე „შატოში“ უცხოელი ტურისტების წილი 95%-ს შეადგენდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ „შუხმანის შატო“ ერთ-ერთ ევროპულ ობიექტად ითვლებოდა, გარდა ამისა, ბრენდი „შუხმანი“ არის გერმანული და ნდობის ფაქტორი უცხოელ სტუმარს უფრო მეტად ჩვენთან ჰქონდა,“ - აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.
„შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორისთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ქართველი დღეს უფრო მეტად დაინტერესდა იმ პროდუქტებით, რაც შატოშია. მათ შორის, ღვინის ისტორიით, დაგემოვნებით და ასე შემდეგ. ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქართველი სტუმარი აღმოჩენის პროცესშია, რაც ფაქტია და სასიამონოა.
რაც შეეხება ტურისტულ სფეროში კრიზისს, აბრამიშვილის ინფორმაციით, იმისთვის, რომ კომპანია და ზოგადად, ტურიზმის სექტორი დაუბრინდეს პანდემიამდე ნიშნულს, მინიმუმ წელიწადნახევარი და მაქსიმუმ 2 წელია საჭირო.