ტურიზმი
14/09/2022

"შემოდგომიდან 700 და 800 ლარიანი ტურები დაბრუნდება" - იაფი მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება

საქართველოდან იაფი მოგზაურობა ისევ შესაძლებელი იქნება - გამყვანი ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ავიაკომპანიების მიმდინარე საფასო პოლიტიკის მიხედვით, ტურისტული პაკეტების ღირებულება პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება და დაახლოებით, 700-900 ლარის ფარგლებში, ქართველები ევროპის  ქვეყნებში 5 დღით მოგზაურობას შეძლებენ.

მისივე განმარტებით, დამსვენებლებმა უკვე დაიწყეს შემოდგომა-ზამთრის დაგეგმვა და წინასწარი ჯავშნების გაკეთებაც.

„რაც შეეხება მიმართულებებს, შემოდგომის პერიოდში უფრო აქტიურია, ევროპული მიმართულებები: ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რომი და სხვა ძალიან ბევრი ქალაქი. თუმცა, გვაქვს განსხვავებული და განსაკუთრებული მიმართულებები, როგორებიცაა: ინდონეზია, ტაილანდი, მალდივის კუნძულები, ზანზიბარი და ა.შ ამ მიმართულებითაც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - აცხადებს „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი.

ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას გოგა ქუცნიაშვილი ამბობს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთის მიმართულებაზე ფასები დაახლოებით 100-დან 150%-მდე გაიზარდა, თუმცა გაძვირებული ტურისტული პაკეტების ფონზეც, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. „ვოიაჟერ 365“-ის ტოპ 6 მიმართულება, რომლებსაც ქართველი დამსვენებლები წელს ყველაზე აქტიურად ირჩევდნენ შემდეგია - თურქეთი, საბერძნეთის კუნძულები, მონტენეგრო, ხორვატია, ესპანეთი და იტალია. 

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მხრიდან 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია.  (სტატისტიკის კადრები) სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.7 ათასი) და რუსეთის (45.2 ათასი) ფედერაციაში განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) საყიდლების მიზნით შედგა.

 

Businesspartner