ფოტო: Xcaucasus
ტურიზმი
20/09/2022

შეჩერებული ბიზნესი - პარაპლანისტები რეგულაციების მოლოდინში

ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა ექსტრემის მოყვარულებისთვის პარაპლანით ფრენის გარეშე ჩაიარა. მთავრობის აკრძალვამ გარდა იმისა, რომ პილოტების მცირე ბიზნესი დააზარალა, ტურისტების ნაწილის ქვეყანაში ჩამოსვლასაც შეუშალა ხელი.

როგორც პარაგლაიდინგის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, საქართველოში 10 კაციანი ჯგუფები აპირებდნენ ჩამოსვლას, ასეთი 6-7 განაცხადი იყო. ფრენის აკრძალვის გამო, დაახლოებით 5-მა ჯგუფმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა, ერთმა ჯგუფმა კი, საქართველოში ჩამოსვლის ნაცვლად სომხეთში წასვლა გადაწყვიტა.

"შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ საქართველოში პარაპლანით არავინ აღარ იფრენს, სანამ საქმის ვითარებაში არ გავერკვევით. რამდენად სწორია ასეთი კატეგორიული განცხადება იმის ფონზე, როცა პარაპლანით ფრენა ტურიზმის გარკვეულ სექტორს შემოსავლის წყაროს აძლევს?", - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.

მისი თქმით, ფრენის აკრძალვის შემდეგ რეგულაციების დაწესების საკითხზე მუშაობა დაიწყო, შეიქმნა სამთავრობო კომისია.

"შევთანმხდით, რომ უნდა შეიქმნას ცალკე პილოტების, დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ რეგულაციებზე, რაც საბოლოო ჯამში სამთავრობო დადგენილებით ან კანონმდებლობით უნდა იყოს მიღებული", - აცხადებს ირაკლი კაპანაძე.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვანია, როგორც რეგულაციების დაწესება, ისე კონტროლის მექანიზმის დამკვიდრება. პილოტებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი მაღალი კვალიფიკაცია, რეგულაცია უნდა შეეხოს აღჭურვილობას, არანაკლებ მნიშვნელოვანია საფრენი ადგილების შესაბამისად მოწყობა და აღჭურვა, მაგალითად, კონტროლდებოდეს ქარის სიჩქარე, აქტივობების განხორციელების უფლებას კი, კომპეტენტური ადამიანები გასცემდნენ.

"რა ტიპის პილოტები უნდა დაფრინავდნენ, რა აღჭურვილობით უნდა სარგებლობდნენ, არსებობს თუ არა სახელმწიფო, ან თუნდაც კერძო ინსტიტუტები, რომლებიც ამ ვარგისიანობას, კვალიფიკაციას გამართლებული, დამტკიცებული წესით დაადასტურებენ, შემდეგი იქნება საგამოცდო ფრენების ჩატარება, ან პირდაპირი წესით კვალიფიკაციის პილოტების დადასტურება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, საფრენი ადგილები შესაბამისად მოეწყოს, აღიჭურვოს. რაღაც სტანდარტი უნდა შემუშავდეს.

ჩვენს მოცემულობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პილოტია, მათ არ აქვთ გარკვეული ტიპის სერტიფიკატი, ან სხვა საბუთი, რომელიც უპირობოდ დაადასტურებს მათ კვალიფიკაციას. იმიტომ კი არა, რომ ეს ამ ადამიანებს არ უნდათ, ან ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ, ჯერჯერობით ინსტრუმენტი, გინდა კერძო სტრუქტურული, გინდა სახელმწიფოებრივი, რომელიც ამას გააკეთებდა, არ არის. სახელმწიფოს ამის ინსტრუმენტები შემუშავებულიც არ აქვს. ცდილობენ, უწყებრივად გაარკივონ, ვის აქვს ასეთი კომპეტენციები, ინსტიტუციური ცოდნა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ როცა სახელმწიფო რეგულაციების აღმასრულებლად ორგანიზაციას აწესებს, იმაშიც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის ორგანიზაცია არ იქნება კორუფციის და მიკერძოების ინსტრუმენტი", - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

ირაკლი კაპანაძე რეგულაციების გარდა 2 ფაქტორზეც ამახვილებს ყურადღებას, ეს არის სავალდებულო დაზღვევის შემოღება და საავიაციო სპორტის სახეობების დიდი გაერთიანების შექმნა.

"რეგულაციების მიუხედავად, ისეთი შემთხვევები, როცა ვიღაც დაშავდება, ან იღუპება, ევროპულ ქვეყნებშიც ხდება. იქაც ასეთი სიმძაფრით დგება საკითხი, ვისი ბრალი იყო. მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ეს არის შემთხვევითობის, ადამიანური ფაქტორის ბრალი. ამ დროს უნდა იმუშაოს სწორედ დაზღვევამ, რომელიც აანაზღაურებს მატერიალურ ზარალს, ჯანმრთელობის ზიანს. მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ ვიღაც დაიმტვრა, დაიღუპა, რაც შეიძლება ყველაზე მტკივნეულია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ მაღალი ძაბვის ხაზები გათიშულა, რადგან პარაპლანი ზედ გადაეკიდა, მანქანას დაჯახებია და შუშა ჩაუმტვრევია, ვიღაცისთვის ღობე დაუნგრევია, გათოვლიანების აპარატზე ჩამოკიდებულა და გაუფუჭებია. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია“, - აცხადებს ირაკლი კაპანაძე.

რეგულაციების დაწესება არ გამორიცხავს იმას, რომ პარაპლანით ფრენის დროს უბედური შემთხვევები აღარ მოხდება. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი ჯონი კაპანაძე ამბობს, რომ ინციდენტების მინიმალიზაცია უნდა მოხდეს.

"ვფიქრობ, ფრენის აკრძალვა ხისტი გადაწყვეტილება იყო. გამოსავალი არის სფეროს რეგულირებაში, რაციონალურ მართვაში. პრობლემებზე დარგის პროფესიონალებმა იმუშაონ და მაქსიმალურად იყოს დაცული, როგორც პილოტების უსაფრთხოება, ისე იმ ადამიანების, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ. პილოტებს აუცილებლად უნდა გააჩნდეთ მაღალი კვალიფიკაცია, იყვნენ კომპეტენტურები, ამასთან, მნიშვნელოვანია ფრენის განრიგი, მეტეოროლოგიური პირობები კონტროლდებოდეს, კონკრეტული ორგანო, თუ კომპეტენტური ადამიანი იძლეოდეს იმის რეკომენდაციას, რამდენად არის ხელსაყრელი პირობები აღნიშნული აქტივობების განსახორციელებლად.

ამ სფეროში კვალიფიციური პილოტების დასაქმების მიუხედავად, სამწუხაროდ რაღაც შემთხვევები ყოველთვის ხდება, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, სადაც მსგავსი ტიპის აქტივობები მრავალ წელს ითვლის. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ინციდენტების მინიმალიზაცია მოხდეს. საქართველოში ყოველ წელს დაახლოებით 300-მდე ადამიანი იღუპება ავიაკატასტროფაში, მაგრამ ჩვენ არ ვკრძალავთ ავტოტრანსპორტით გადაადგილებას. აქტიურად მუშაობს სამთავრობო უწყებები ამ პრობლემის დასარეგულირებლად და იმაზე, რომ მინიმალური იყოს მსგავსი ტიპის შემთხვევები. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც საჭიროა, მოხდეს სფეროს რეგულირება და რისკების მინიმალიზაცია", - განაცხადა ჯონი კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან".

შეგახსენებთ, საქართველოში პარაპლანით ფრენა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შეჩერდა, რა დროსაც პარაპლანისტის და ტურისტის გადასარჩენ ოპერაციას მთელი სამაშველო ჯგუფი ემსხვერპლა.

Businesspartner