ტურიზმი
15/05/2023

შალვა ალავერდაშვილი ტურისტების შესახებ მონაცემების განსხვავებულად დათვლის ინიციატივით გამოდის

"მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ტურისტების ნაკადი შემცირდა,"- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ტურისტების შესახებ მონაცემები სხვანაირად უნდა დაითვალოს.

ალავერდაშვილის განმარტებით, უცხოელი, რომელიც ქვეყანაში 24 საათს ატარებს, არ ნიშნავს, რომ ტურისტია. რაც შეეხება უკრაინელი სტუმრების შემოსვლას ქვეყანაში, ისინი მიგრანტები არიან და მათგან ქვეყანას არანაირი შემოსავალი არ აქვს მიღებული.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს  ჯგუფური ტურები ევროპიდან შემცირებულია, რისი განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომია. გარდა ამისა, სასტუმროების ფასები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 30%-ით შემცირდა გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„2023 წლის პირველ კვარტალში სასტუმროების ვიზიტორების რუსეთის წილმა 3% შეადგინა, რაც წინა პერიოდების ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 50%-ით ნაკლებია.

ვთხოვ სამართალდამცავ ორგანოებს,  რომ ქვეყნის საზღვარზე შემოსულ ტურისტებს ცოტა გაგებით მოვეკიდოთ და სტუმრების პირდაპირი დადეპორტება არ დავიწყოთ, რაც წინა წლებში ჩვეულებრივ მიღებული პრაქტიკა იყო," - აცხადებს ალავერდაშვილი.

მისი განმარტებით, 2019 წლიდან ქვეყანამ ნაკადების მიმართულებით ტოტალურად უკუსვლა დაიწყო, რადგან დარჩა როგორც აზიის, ისე  რუსეთის გარეშე, რადგან ამ პერიოდს ე.წ. გავრილოვის ღამე დაემთხვა. შემდგომ წლებში კი პანდემიის გამო სექტორი ფაქტობრივად გაჩერდა.  

როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი  აღნიშნავს, მოლოდინია, რომ ქვეყნის ვიზიტორების 60-65% გალფის (სპარსეთის ყურის) ქვეყნებიდან იქნებიან. საკმაოდ აქტივობაა ისრაელის მხრიდანაც.  

აღსანიშნავია, რომ ზამთრის სეზონზე ჩატარებული ჩემპიონატი, რომელიც ბაკურიანში ჩატარდა, შალვა ალავერდაშვილის პროგნოზით ხელს შეუწყობს მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ტურისტული ნაკადების მოზიდვას. 

Businesspartner