სასტუმროში "ამბასადორი ბათუმი" ტანსაცმლის იტალიური ბრენდი "სტეფანო რიჩი" შევა
სასტუმროში “ამბასადორი ბათუმი“ მამაკაცის ტანსაცმლის პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდი „სტეფანო რიჩი“ იქნება წარმოდგენილი.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ამბასადორი ჯგუფში“ განუცხადეს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კიდევ ბევრ სხვა საერთაშორისო დონის ბრენდთანაც.
სასტუმრო პირველ სტუმარს 2024 წელს მიიღებს. როგორც ჯგუფში განმარტავენ, ამჟამად დასრულებულია შენობის მონოლითური სამუშაოები, დაწყებულია საფასადე და შიდა სარემონტო სამუშაოები.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ობიექტში წარმოდგენილი იქნება ორსართულიანი რესტორანიც, რომელიც ყველაზე გამორჩეულ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს ბათუმელებსა და მათ სტუმრებს.
შეგახსენებთ, “ამბასადორი ბათუმი“, “ამბასადორი ჯგუფის“ მომავალი 2 წლის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია. შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე იტალიელმა არქიტექტორმა იმუშავა.
თანამედროვე დიზაინისა და უმაღლესი სტანდარტის ბალნეოლოგიური ცენტრი 250 თანამშრომელს დაასაქმებს და მასში განთავსებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რესტორნები, სპა, აუზი, საკონფერენციო დარბაზები, ღია კაფე, სტეფანო რიჩის მაღაზია, სპორტული დარბაზი და ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი.