სასტუმრო "წესი": იმერეთი-რაჭის ახალი გზის გახსნამ რაჭაში ტურიზმი გააქტიურა
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კილომეტრიანი გზის გახსნამ რაჭაში ტურიზმს დიდი ბიძგი მისცა.
რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე საოჯახო სასტუმრო „წესი“ პანდემიის მიუხედავად ტურისტებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ნუკრი მეტრეველი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დამსვენებლების უმრავლესობა ადგილობრივია.
მისი განცხადებით, იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის გახსნამ რაჭაში ტურიზმი გააქტიურა. „რაც ეს გზა გაიხსნა, აქტივობა მაღალია, ყოველ შემთხვევაში, შაბათ-კვირას არ ვუჩივით, წელს კარგი სეზონია,“ - აცხადებს მეტრეველი.
რაც შეეხება მოლოდინებს, 13 ნომრიანი სასტუმრო „წესის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ სასტუმროს ნოემბრის შუა რიცხვებამდე წინასწარი ჯავშნები აქვს.
მეტრეველი იმედოვნებს, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონზე სასტუმრო დამსვენებელს ისევ აქტიურად მიიღებს და მიღებული შემოსავალი მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე სასტუმრო გააფართოოს.
„წესის“ დამფუძნებლის განცხადებით, დაგეგმილია რამდენიმე კოტეჯის მოწყობა.