ტურიზმი
15/02/2022

სასტუმრო "თრუსო": პანდემიამ ხალხი კიდევ უფრო ხელმომჭირნე გახადა

ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროები ტურისტების ნაკლებობას უჩივიან.

გუდაურში მდებარე, სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელი არჩილ ჯაფარიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კურორტზე ტურისტული სიტუაცია საკმაოდ გართულებულია. კერძოდ, თუ პანდემიამდე გუდაური საკმაოდ მოთხოვნადი იყო, ახლა კურორტზე ტურისტების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია.

შექმნილ სიტუაციაში, როგორ ოპერირებს სასტუმრო „თრუსო“  და როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას, ჯაფარიძე განმარტავს, რომ ახალ მენჯმენტს მუშაობის თავისებური სტილი და მიდგომა აქვს, რაც ტურისტებს იზიდავს.

„ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, თუმცა, ახლებური მიდგომაა საჭირო, რაც ქართველებს ძალიან უჭირთ. ყველას ურჩევნია დილით საუზმე მიართვას და სტანდარტულად მოემსახუროს. ჩვენ „თრუსოში“ მოსულ ტურისტებს განსხვავებულ პირობებს ვახვედრებთ. სასტუმრო თავის თავს ვერ ინახავდა, თუმცა, თებერვლიდან სიტუაცია გამოსწორდა. მარტის ჯავშნები უკვე გვაქვს,“ - აცხადებს ჯაფარიძე.

მისი განმარტებით, სტუმრების ძირითადი ნაწილი უცხოელი ტურისტებია, მათ შორის არიან რუსეთიდან, უკრაინიდიან, პოლონეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.

„გუდაურში ქართველები სასტუმროში იშვიათად რჩებიან, შეიძლება იმის აღნიშვნაც, რომ ქართველი არასასურველი სტუმარია. მისთვის ყველაფერი ის შეიძლება, რაც სხვისთვის - არა. რაც შეეხება იმას, პანდემიამ შეცვალა თუ არა ტურიზმის ქცევა, ვიტყვი რომ ზოგადად, გუდაურში ხელგაშლილი ტურისტი იშვიათად ჩამოდიოდა, პანდენიამ კი ხალხი კიდევ უფრო ხელმომჭირნე გახადა,“ - აცხადებს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, სასტუმრო „თრუსო“ მისმა მფლობელმა ლევან კარიჭაშვილმა იჯარით არჩილ ჯაფარიძეზე 2021 წლის მეორე ნახევრიდან გასცა. პანდემიის გამო  3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „თრუსო“ 2020 წელს დაიხურა.