ტურიზმი
17/11/2021

სასტუმრო Tribu: ზამთრის სეზონზე ინტერესი არაბეთის ქვეყნებიდანაა

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ჭიღლაძე ზამთრის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ სასტუმრო მუშაობას 1 დეკემბრიდან განაახლებს.

მისი განცხადებით, 72 ნომრიანი სასტუმრო საოჯახოა, ოჯახური  ტიპის მოგზაურობები ძირითადად, არაბეთის ქვეყნების მოსახლეობას ახასიათებს, აქედან გამომდინარე, დეკემბერში ჯავშნების უდიდესი ნაწილიც ამ ქვეყნებიდანაა. აქტივობაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც.

როგორც ჭიღლაძე განმარტავს, ამ დროისთვის დაჯავშნილია სასტუმროს დაახლოებით 20%, თუმცა, სასტუმრო Tribu-ს აღმასრულებელ დირექტორს ახალი წლისთვის პოზიტიური მოლოდინები აქვს და ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ წელს, ზაფხულში საკმაოდ კარგად იმუშავა ტურიზმმა, ვფიქრობთ, ზამთარში ბაკურიანის სასტუმროებმა კარგად  უნდა იმუშაოს. ვნახოთ რა იქნება,“ - აცხადებს ჭიღლაძე. მისივე ინფორმაცით, აქტივობაზე შესაძლოა, დადებითად აისახოს „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედებაც.

Tribu-ს აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ 2022 წლისთვის სასტუმრო გაფართოებას გეგმავს. განიხილება 123 ნომრის დამატება. ჭიღლაძე ამ დროისთვის  ინვესტიციის ოდენობას ვერ ასახელებს.