ტურიზმი
06/05/2022

სასტუმრო "ყვარლის ედემი" ამ დრომდე დახურულია

სასტუმრო „ყვარლის ედემი“ ამ დრომდე დახურულია. ობიექტი პანდემიის პერიოდში დაიხურა და დღემდე უცნობია როდიდან განაახლებს მუშაობს.

სამეწარმეო რეესტრში ობიექტის საკუთრებასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია 2022 წლის 28 მარტს განახლდა. ბოლო ინფორმაციით, სასტუმროს 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი, ორმაგი მოქალაქე (საქართველო-რუსეთი) იოსებ თარხნიშვილია. 2016 წლიდან კი თარხნიშვილი „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი იყო, 50%-ს კი შპს „ზიმო“ ფლობდა.

„ყვარლის ედემის“ გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში. როგორც მერი გივი ზაუტაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საუბარია კერძო საკუთრებაზე, რომელიც შეხებაში არ არის ადგილობრივ მუნიციპალიტეთან.

„ეს კითხვა უნდა დაუსვათ მის მესაკუთრეს. როგორც ვიცი სასტუმროს მფლობელი 2-3-ჯერ შეიცვალა. რატომ არის დახურული, როდის აპირებენ გახსნას ან თუ აპირებენ საერთოდ, ამის შესახებ  ინფორმაცია არ  მაქვს. ჩვენ მათთან კომუნიკაცია არ გვაქვს,“ - აცხადებს ზაუტაშვილი.

შეგახსენებთ, სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ედემი" ყვარელში, მდინარე ბურსას მარჯვენა სანაპიროზე, თბილისიდან 153 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმროს აქვს მაღალი კლასის ოთახები, რესტორნები, ბარები, საკონფერენციო დარბაზი, ბოულინგი, ბილიარდი, ტენისის კორტი, სატრენაჟორო დარბაზი, საბავშვო გასართობი ოთახი და რაც მთავარია- პირველად საქართველოში ექსკლუზიური პროექტი- ღვინოთერაპიის სპა ცენტრი.