ტურიზმი
03/06/2022

სასტუმრო Quadrum: ზაფხულისთვის ჯავშნები თითქმის არ გვაქვს

სასტუმრო Quadrum-ის მენეჯმენტი გუდაურში ზაფხულის მოლოდინებზე საუბრობს.

სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ხის კონტეინერებისგან დამზადებულ, ჯამში 23 ნომრიან სასტუმროში ამ დროისთვის ჯავშნები ძალიან მცირე რაოდენობითაა.

„ჯავშნები თითქმის არ გვაქვს, რაც არის მათი უმრავლესობა  არაბული ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ბელორუსიიდანაა,“-აცხადებს ერისთავი.

Quadrum-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროს თითქმის ყველა ნომერი დაჯავშნილი იყო, წლევანდელი პასიური ტენდენცია კი რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი შედეგია.

რაც შეეხება მოლოდინს, ერისთავი აცხადებს, რომ გუდაურში საკურორტო სეზონი საკმაოდ მიბმულია რეგიონში არსბეულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან. „მიუხედავად ამისა, ვცდილობთ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, გვაქვს ტურები ჯგუფების მიხედვით, ამით შეიძლება ამოვქაჩოთ და წლის ბოლოს პანდემიამდელ მაჩვენებელზე გავიდეთ,“-აცხადებს ერისთავი.  

11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა, მონოლითისგან დამზადებული მეორე სასტუმრო კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე სასტუმრო ტურისტების მხრიდან დიდი აქტივობით გამოირჩეოდა. სასტუმროს ძირითადი სტუმრები უცხოელები იყვნენ.

მისი ინფორმაციით, ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას  და საკონფერენციო დარბაზი.

ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით 3-4 მილიონი  ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 3000 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე  განთავსებული  ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.

Quadrum-ში  კონტეინერების შემთხვევაში 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 90 აშშ დოლარიდან  იწყება.კონტეინერები ქუთაისში, ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანაში მზადდება. 1 კონტეინერის ფართი 21 კვადრატული მეტრია (შედის სველი წერტილებიც).