სასტუმრო Quadrum-ი გუდაურში ზაფხულის საკურორტო სეზონს 3 ივნისს გახსნის
სასტუმრო Quadrum-ი გუდაურში ზაფხულის საკურორტო სეზონს 3 ივნისს გახსნის. როგორც ობიექტის მფლობელი ირაკლი ერისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ხის კონტეინერებისგან დამზადებული, 11 ნომრიანი სასტუმრო, გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა, მონოლითისგან დამზადებული მეორე სასტუმრო კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე სასტუმრო ტურისტების მხრიდან დიდი აქტივობით გამოირჩეოდა.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს სტუმრებს მთლიანად უცხოელები წარმოადგენდნენ.
დღეს ერისთავი აცხადებს, რომ პანდემიამ შეცვალა როგორც სასტუმროს განვითარების გეგმები, ისე მინიმუმამდე დაიყვანა შემოსავლები და რთული გახადა ოპერირება.
„ფაქტობრივად, ორი სეზონია არ გვიმუშავია. მიმდინარე წლის მარტ-აპრილში მოვასწარით მუშაობა, გვყვავდა ხალხი.ეს პერიოდი დაკეტილი ვართ,ახლა კი მუშაობის დასაწყებად ვემზადებით.იმედი გვაქვს, რომ სტუმარიც გვეყოლება და ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც დასტაბილირდება,“-აცხადებს ერისთავი.
მისი ინფორმაციით, ორივე კორპუსი 3 000 კვ.მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი.
ორივე პროექტის განხორციელება ჯამში დაახლოებით 3-4 მილიონი ლარი დაჯდა. ამ დროისთვის 3000 კვადრატული მეტრი ფართის მიწის ნაკვეთზე განთავსებული ხის კონტეინერები უმაღლესი ხარისხის ხისგანაა აწყობილი და მინუს 40 გრადუს სიცივეზეა გათვლილი.
Quadrum-ში კონტეინერების შემთხვევაში 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 150 ლარიდან იწყება, მონოლითის მასალისგან აგებულ სასტუმროში კი 2 ადგილიანი ნომრის ფასი 230 ლარია. კონტეინერები ქუთაისში, ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანაში მზადდება. 1 კონტეინერის ფართი 21 კვადრატული მეტრია (შედის სველი წერტილებიც).
სამომავლოდ სასტუმრო Quadrum-ის ხის კონტეინერებისგან დამზადებული კონსტრუქციის დადგმა აჭარაში და კახეთშიც იგეგმება.