სასტუმრო "კვავლო": სამანქანე გზა ისევ არ გვაქვს, თუმცა, ტურისტი არ გვაკლია
თუშეთში, სოფელ კვავლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „კვავლო“ წელს აქტიური ტურისტული სეზონის მოლოდინშია.
სასტუმროს მფლობელი მარინე რაინაული „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აქვს იმედი ეს ზაფხული წინა წლებისგან განსხვავებით ნორმალური შემოსავლის მომტანი იყოს.
ამჟამდ სასტუმროს ძირითადი ნაწილი ადგილობრივი დამსვენებლისგანაა დატვირთული, რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ კაფე-რესტორანს, ობიექტს ხშირად უცხელი ტურისტები სტუმრობენ.
მისი განცხადებით, 6 ნომრიანი სასტუმრო წელს გაფართოვდა და სტუმარს 18 ნომრით ემსახურება.
რა ხვდებათ თუშეთში ჩასულ ტურისტებს, “კვავლოს“ მეპატრონე აცხადებს, რომ ადგილზე არც სამანქანე გზაა და არც გასართობი ობიექტები. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტს მხოლოდ საცალფეხო გზით შეუძლია სარგებლობა, მხარე მიმზიდველობას მაინც არ კარგავს.
„ტურისტების ნაწილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აქ რომ გზა გაკეთდეს მხარე მიმზიდველობას დაკარგავს, თუმცა, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მგონია, რომ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ჩვენს მხარეს კიდევ უფრო გააცოცხლებს და მიმზიდველს გახდის როგორც ტურისტულად, ისე საინვესტიციოდ,“ - აცხადებს რაინაული.