ტურიზმი
03/03/2021

სასტუმრო Horizont Bakuriani გახსნისთვის ემზადება

სასტუმრო Horizont Bakuriani გახსნისთვის ემზადება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს მფლობელმა ხათუნა თავდგირიძემ  განუცხადა, ამ დროისთვის სასტუმროს არცერთი ჯავშანი არ აქვს.

მისი ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო თვეების განმავლობაში დახურული იყო, ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა, ახლა კი მისი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

“დავაანონსეთ გახსნა, გვინდა რომ ვიმუშაოთ, 35 ნომრიანი სასტუმროა და იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონზე თუ არა, ზამთრის მომავალ სეზონზე მაინც ვიმუშავებთ,“ - აცხადებს ხათუნა თავდგირიძე.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროების გახსნა ნებადართულია. საბაგიროები  8 მარტიდან გაიხსნება.

ქვეყნის მასშტაბით კოვიდის ფონზე ზამთრის კურორტების მუშაობა 28 ნოემბრიდან იყო შეზღუდული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება შეწყდა.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დაშვებული იყო მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.