სასტუმრო "გრაპა მესტიას” მშენებლობა ჰაწვალის გრგ-ს არ არსებობის გამო შეჩერებულია
სვანეთში 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „გრაპა მესტიას“ მენეჯმენტი ჰაწვალის განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დასრულების მოლოდინშია.
როგორც დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანიას მუნიციპალიტეტში შეტანილი აქვს ესკიზი დასამტკიცებლად, თუმცა, მისი განხილვა და დამტკიცება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც კურორტს განაშენიანების გეგმა ექნება.
„როგორც ვიცი, მუშაობა ამ მიმართულებით მიდის და მუნიციპალიტეტი გრგ-ზე მუშაობს. კონკრეტული თარიღი არ ვიცით როდის დასრულდება,“ - აცხადებს გურგენიძე.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს ოპერირებას ქართული კომპანია განახორციელებს.
ჰაწვალზე, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა სპა-ცენტრები და რესტორნები. სასტუმროს მშენებლობა აქტიურად 2022 წელს დაიწყება და 2 წელში დასრულდება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 4-5 მილიონი დოლარია.
„ბიზნესპარტნიორი“ მესტიის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანსაც დაუკავშირიდა. მისი ინფორმაციით, ჰაწვალის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და დიდი ალბათობით წლის ბოლომდე დამტკიცდება.